“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ჩალაგაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
“საპატრულო პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება – ანუ კამერის ჩანაწერები და ტექნიკური პრობლემა ჰქონია შსს-ს – ეს ერთი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, ეს ყველაფერი არის ის, რომ ჩალაგაშვილი უნდოდათ შეეშინებინათ და მეტი არაფერი.
მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ თუ საკუთარ მანქანაში უკანა სავარძელზე იქნებით დამჯდარი, ფანჯარა გექნებათ ჩამოწეული და მოინდომებთ სიმართლის თქმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სისხლისმსმელი და მოიხსენიებთ აუგად, 50 მეტრში მდგარ კორპუსში, მესამე სართულზე ვიღაც გაიღვიძებს, გაიგებს ამ ხმას, გამოვა, შეწუხდება და იტყვის, რომ შენ ხარ დამნაშავე. ეს არის დღევანდელი სამართალი. ეს არის მათი მტკიცებულება. სხდომა დარჩა მხიარული, მადლობა დიდი ყველას….
ბიძინა ივანიშვილი იყო ჩემი სამიზნე. მას ვლანძღავდი, გავლანძღავ ახლაც. გავლანძღავ მანამ, სანამ იქნება ამ ხელისუფლების ხელისუფალი და სისხლისმსმელი. მივაყოლებ გახარიას, თვალთხარიას”, – უთხრა ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა:
“თუ დამეკისრა ჯარიმა, ჩავდებ კონვერტში და გავუგზავნი ბიძინას ფოსტით, ბევრი აქვს ფული და გადაიხადოს”.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 8 ოქტომბერს განახლდება.
შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.