“გურამ ჩალაგაშვილისგან ახლა ხულიგანი უნდა გამოიყვანონ, რაც კიდევ ერთი ნონსენსია ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების”, ასე ეხმაურება “გამარჯვებული საქართველოს” დაფუძნებელი კოტე კემულარია ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის დაკავებას.
კემულარიას ინფორმაციით, ჩალაგაშვილი წუხელ, გვიან ღამით დააკავეს.
“ის იყო მეგობართან, მიდიოდა სახლში, საჭესთან იჯდა მძღოლი, გადაუჭრეს გზა. რამდენადაც მე ვიცი, პატრულის რამდენიმე მანქანა იყო, გადმოიყვანეს მანქანიდან. იყო უხეში მოპყრობა და მერე ეს ყველაფერი გააფორმეს ისე, რომ თურმე გურამ ჩალაგაშვილმა იხულიგნა… ეს არის კიდევ ერთი უმსგავსო საქციელი სერიოზული მოქალაქის მიმართ… ეს არის შეტევა ოპოზიციური სპექტრის მიმართ. გურამ ჩალაგაშვილის დაკავება სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა პოლიტიკურ დევნას”, – უთხრა “მთავარს” კოტე კემულარიამ.
ჩალაგაშვილი გადაყვანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ცოტა ხანში პროცესი უნდა დაიწყოს.