ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხეს

შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომლის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში, უკვე დასრულდა. ისინი გამოკითხვაზე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

უფრო კონკრეტულად, პროკურატურაში დაბარებულები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე – რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი.

გამოკითხვა დაახლოებით სამსაათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მათ მედიის კითხვებს არ უპასუხეს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.

სალომე ზურაბიშვილმა, 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კი, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებაზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....