ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთაწმინდის პარკში 28 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები ელით.
საფესტივალო აქტივობები განაწილებულია 6 ზონაში: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვების მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა მოიცავს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო, საგანმანათლებლო მიმართულებით.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, შესაბამისად, სტუმრებს შეეთავაზებათ განსაკუთრებული ფასდაკლება საბავშვო ლიტერატურაზე.

საბავშვო ფესტივალის მთავარ სცენაზე გაიმართება ჯგუფის – „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი.
ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
ფესტივალს აფინანსებს TBC ბანკი.

იტვირთბა....