ნიუ-იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციის მოგვარების ორი გზა – სამხედრო და მოლაპარაკება – არსებობს.
„პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან მაღალ დონეზე გვქონდა კონსულტაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. შეხვედრა შედგა შვეიცარიის შუამდგომლობით. ბენეფიტებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ უბედური სიტუაციის მოგვარების ორი გზა არსებობს, ერთი არის სამხედრო გზა, მეორე – მოლაპარაკებების გზა. ურთულესი მდგომარეობაა და დაძაბულობის, ესკალაციის, საფუძველი, წინაპირობა არის, რაც აუცილებლად გარკვეულ რეაგირებას ითხოვს. არ აწყობს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებსაც ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში საქართველო კიდევ ერთი დამატებითი ცხელი წერტილი გახდეს. ეს არ არის საქართველოში გამოგონილი ნოუ ჰაუ, რომ მოლაპარაკებებით კონფლიქტები გვარდება. დაძაბული სიტუაცია როგორმე უნდა წავიდეს კლებისაკენ, ეს არის პირველ რიგში ამოცანა. ჩვენ მარტო არ ვართ ამ დაპირისპირებაში“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიის შუამავლობით ნიუ იორკში დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრა შვეიცარიის შუამავლობით შედგა, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთის ინტერესებს საქართველოში, საქართველოს ინტერესებს კი რუსეთში წარადგენს”, – წერია განცხადებაში.
შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს.