ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნათია თურნავა მეშახტეებს: “პრემიერ-მინისტრის უმკაცრესი დავალება მაქვს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი”

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ტყიბულში კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯის” წარმომადგენლებსა და მეშახტეებს შეხვდა.

თურნავას თქმით, მისთვის მთავარია, რომ კომპანიისაგან მოისმინოს დამაჯერებელი პასუხები, თუ როდის იქნება მეშახტეებისთვის გასტუმრებული ხელფასები.

„ჩვენ ძალიან გვაღელვებს ტყიბულელი მეშახტეების ბედი, კარგად ვიცი ეს სფერო. პრემიერ-მინისტრის უმკაცრესი დავალება მაქვს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები, პირველ რიგში კი, თქვენთვის, მეშახტეებისთვის – თქვენ ხართ „საქნახშირის“ მთავარი სიმდიდრე, აქაური მთავარი ძალა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ნახშირის მოპოვებას საქართველოში აქვს მომავალი და ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსის არსებობისთვის.

„მოვთხოვ პასუხს და გეგმას ინვესტორებს. იმედია, დამაჯერებელი გეგმა იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღდგება უსაფრთხო მოპოვება. უნდა მოვნახოთ ბალანსი, რომ ქვანახშირის მოპოვება აღდგეს და თქვენი შრომა უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავას ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეების პრობლემების მოგვარება გიორგი გახარიამ დაავალა.

იტვირთბა....