პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მწვავე აქცენტები არ გაუკეთებია.
როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის უმაღლესი ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლას “არავინ უსმენდა”, ან თუ ვინმე უსმენდა, “ერთ ყურში უშვებდა, მეორედან გამოდიოდა”.
“პრეზიდენტის გაერო-ში სიტყვით გამოსვლას არანაირად არ შევაფასებ და არც მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ქალბატონის გარშემო ისეთი სიტუაციაა უკვე ქვეყანაში, რა მნიშვნელობა აქვს, ის იქ რას იტყოდა. დღეს, მსოფლიო სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას და მას, დამერწმუნეთ, არც არავინ უსმენდა და თუ ვინმე უსმენდა, ერთ ყურში უშვებდა და მეორედან გამოდიოდა, მით უმეტეს, მის გამოსვლაში არანაირი მწვავე აქცენტი არ ყოფილა, რომ ოდნავ მაინც გამოეღვიძებინა მიძინებული პუბლიკა. ასე რომ, შეფასებასაც კი აზრი არ აქვს, რა შევაფასო?! თავი რომ დავანებოთ სახელმწიფო ინტერესებს, მას მცირე პოლიტიკური ალღო მაინც რომ ჰქონოდა, უნდა გაეკეთებინა მწვავე განცხადებები იმისთვის, რომ ცოტათი მაინც რეაბილიტაცია მოეხდინა და ქვეყანაში რომ დაბრუნდება, შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით, ცოტათი მაინც გამოესწორებინა თავისი მდგომარეობა, მაგრამ ესეც არ აქვს. მე რა ვაფასო, წყალი ვაფასო?!” – უთხრა გია ხუხაშვილმა “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა;