თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის შედეგები გააცნო.
მისი თქმით, სამშენებლო დარღვევების მიმართულებით, პირველი იანვრიდან დღემდე დაახლოებით 1000-ზე მეტი ოქმია შედგენილი, ხოლო ჯარიმების ჯამური ოდენობა 19 მილიონ ლარს შეადგენს.
„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯარიმების გაზრდა სწორი იყო, თუმცა მთავარი იდეა არის ის, რომ სამშენებლო დარღვევები შემცირდეს, და არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს მუნიციპალიტეტმა. მინდა მშენებლებს მოვუწოდო, რომ სამშენებლო ობიექტებზე ყველაფერი გააკეთონ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე ისაუბრა სამშენებლო ნარჩენების დაყრის ინსპექტირების შედეგებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი ადგილები სამშენებლო ნარჩენებისთვის და ეს იცის ყველა მშენებელმა, ისინი სადაც ნახავენ ცარიელ ტერიტორიას (ეს შეიძლება კერძო საკუთრებაც იყოს), მიდიან და ამ სამშენებლო ნაგავს ყრიან. ამიტომ, მინდა დაგავალოთ კანონში ცვლილებების მომზადება, რომ გაიზარდოს ჯარიმები. მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმ რაოდენობის ჯარიმები, რომ ეს როგორმე შევაჩეროთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს დღე და ღამე აქვთ გაერთიანებული, დაყვებიან მანქანებს, რომ არასწორ ადგილზე არ დაიყაროს ნარჩენები, მაინც გვაქვს პრობლემები. პირველი იანვრიდან დღემდე 1000-მდე ჯარიმაა გამოწერილი ამ მიმართულებით და დაახლოებით 700 000-მდე ლარია შემოსული ბიუჯეტში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ხმაურის კონტროლის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიურად შემოდის მოქალაქეთა საჩივრები.
„დაახლოებით 250 ოქმია შედგენილი წლის განმავლობაში. ცხელ ხაზზე შეტყობინებები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მატულობს ტურისტული სეზონის გამო, რადგან ღია კაფეები ინტენსიურად მუშაობენ და მოქალაქეებს ხმაური აწუხებთ. ჩვენთვისაც სიახლეა ეს მიმართულება, თუმცა აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ საკითხს დავარეგულირებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და მის თანამშრომლებს.