დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს. ბესელიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე მსგავსი ტიპის შემთხვევის შესახებ იცის, თუმცა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა ფარული კადრებით შანტაჟი ხორციელდება თუ არა დეპუტატებზე.
“მე უბრალოდ გეტყვით, რომ არ იქნება ეთიკური ვისაუბრო იმ ადამიანების ნაცვლად, მაგრამ თავისთავად იმის დაშვება, რომ შესაძლებელია დღესაც წინა რეჟიმის მსგავსად, იმ ძველმა სისტემამ შეინარჩუნოს თავი ისე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა იმავე მეთოდების გამოყენება, ეს ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი რამაა…
არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. ეს ის თემა არ არის, სადაც შეიძლება მე დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე. მე ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდი, რადგან ეს იყო პირველი, რაც უნდა შეგვეცვალა. არ აქვს მნიშვნელობა მასშტაბი რამხელა იქნება. იქ, სადაც ერთი, ორი, სამი შემთხვევა იქნება და თვალს დავხუჭავთ, ეს ძალიან სწრაფად გაიზრდება. მე ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი. ვიცი იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს შეეხო, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით”, – აცხადებს ბესელია, რომელიც პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
“როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.