საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობებსა და ნარკოდანაშაულებში მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით მმართველ პოლიტიკურ გუნდს ლოალური დამოკიდებულება არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელაღებით საუბარი დამაზიანებელია.
“ვსაუბრობთ იმაზე, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს სახელმწიფოს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი დამოკიდებულება კონკრეტული შეწყალების მიმართ ლოიალურია, მაგრამ როცა საკამათო თემა ჩნდება საზოგადოებაში, ჩვენ, ხელისუფლება მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რყევები არ გამოიწვიოს. ისედაც ბევრი გამოწვევა არსებობს და ბევრი საფრთხე, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან ადამიანები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკას მარგველაშვილის და სააკაშვილის მიმართ ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ, დღეს პოლიტიკური ასპერიზის წინა ხაზზე არიან გამოსულები და აგრესიული განცხადებებით ცდილობენ დისონანსი შემოიტანონ საზოგადოებაში”, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული, მათ შორის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირები შეიწყალა.