ახალი ამბები

მშობლის შვებულებაში, ანაზღაურებადი საშვებულებო კვოტა მამებისთვისაც იქნება გათვალისწინებული – შესაძლო ცვლილება შრომის კოდექსში

თუ აქამდე დეკრეტული შვებულება ერთჯერადი თანხით, მაქსიმუმ 1000 ლარით ანაზღაურდებოდა, სახელმწიფოს მიერ, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტის თანახმად, დეკრეტული შვებულების განმავლობაში, დასაქმებული სახელმწიფოსგან მიიღებს მისი ხელფასის მინიმუმ 80% ყოველთვიურად (ანაზღაურებადი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 თვეს).

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების იმ დასაქმებულების გარანტიებისთვის დაახლოებაა, რომლებზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება. დღეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილისთვის ყოველთვიური დეკრეტული ანაზღაურება ხელფასის 100% -ს შეადგენს.

გარდა ანაზღაურების წესისა, სავალდებულო ხდება, რომ დედამ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, ისარგებლოს ორსულობის და მშობიარობის შვებულებით.
ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ მამებს (ემატება მამობის შვებულება (14 დღე); ასევე მშობლის შვებულებაში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ანაზღაურებადი საშვებულებო კვოტა მამებისთვის).

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს, დიმიტრი ცქიტიშვილს ეკუთვნის, ჯერ პარლამენტში არ შეუტანიათ, და შეიძლება, გარკვეული პუნქტები შეიცვალოს, მისი ინიცირება კი ოქტომბერშია დაგეგმილი.

იტვირთბა....