ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა ვერ მოხდება, თუმცა პრინციპების გაწერის რესურსი არსებობს” – ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალების საკითხე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით.

ოხანაშვილის განმარტებით, პრეზიდენტს შეწყალების უფლება ვერ შეეზღუდება, მაგრამ შესაძლებელია ამ საკითხზე მუშაობა დაიწოს და ერთიანი პრინციპების შემუშავება მოხდეს.

„ჩვენთვის არ არის მისაღები, როდესაც ხდება მკვლელობაში მსჯავრდებულის, მითუმეტეს, ძებნილი პირის შეწყალება, თუმცა ამასთანავე, აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ საკითხთან მიმართებაში კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ იგი მზად არის, დაიწყოს მუშაობა ამ საკითხის დასახვეწად. ველოდებით, რომ პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით და შესაძლოა, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დავიწყოთ მუშაობა, როგორ დაიხვეწოს საკითხები იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა. პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი უნდა იყოს ის რგოლები, სადაც უნდა წარიმართოს ამ საკითხზე მუშაობა.

ჩვენ კონსტიტუცია გადავსინჯეთ და იქაც იყო მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ კომისია შეჯერდა პოზიციაზე და კონსტიტუციაში შესულია ცვლილება, სადაც შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. ეს პრაქტიკა რომ შევცვალოთ და პრეზიდენტს შევუზღუდოთ უფლებამოსილება, ეს ვერ მოხდება კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა პრინციპები რომ გაიწეროს და შეთანხმდეს, ამისი რესურსი უნდა იყოს,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

იტვირთბა....