“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში განაცხადა, რომ ჰაერივით გვჭირდება დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, რუსეთის ფედერაციასთან, უმძიმესი პრობლემის, ქვეყნის გამთლიანების დასაძრავად.
ადა მარშანიამ აშშ-ის საელჩოსთან გამართულ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციასა და მის მიზნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ გააჟღერეს ქართველი ხალხის გზავნილები.
„საპარლამენტო ტრიბუნიდან გვინდა გავაჟღეროთ ის მკაფიო გზავნილები, რომელიც გახმოვანდა „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ამერიკის საელჩოსთან, რომელიც არც ანტიამერიკული იყო და არც დესტრუქციული.
ბატონი გია ვოლსკის ყურდღება მინდა მივიქციო. დაინახეთ ქართველი ხალხი და დადექით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და არა იქ, სადაც დგას და არიან მკვლელები, მწამებლები, მავნებლები და პროვოკატორები სააკაშვილების და ბოკერიების სახით. შეწყვიტეთ მათი მფარველობა, შეწყვიტეთ მათ მიერ შექმნილი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება, სად არის აქ ანტიამერიკანიზმი. საქართველო არ არ არის ბანანის რესპუბლიკა, ექსპერიმენტების პოლიგონი, ან ფეოდალური სახელმწიფო, სადაც შეიძლება იყოს დირექტორი კრამერი და ბრაიზა. გასაოცარია, ბატონი ბრაიზა ჩამოდის საქართველოში და ლანძღვას თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიას თქმით, საქართველოს ნატო-ში არ მიიღებენ არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც მათ გარეშე, შესაბამისად უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება.
„ყველას გვესმის, რომ დღეს არანაირად ჩვენ ნატო-ში არ მიგვიღებენ არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც მათ გარეშე და უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება და უაღრესად მავნებლური განცხადებები, დებატები, კონფერენციები, თუ რა სახით მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში. გავიგოთ, რომ ეს არის ყველაფერი მორიგი სატყუარა, ჩვენ ეს ე.წ დებატები და ეს ყველაფერი მხოლოდ ახალ საომარ მოქმედებებში ჩაგვითრევს. აქედან გამოსავალი სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გამოცხადება და გატარებაა და არა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკები, არა ბაზები, არა რაიმე სახის საერთაშორისო ცდები.
ჰაერივით გვჭირდება ჩვენ დიალოგი აფხაზებთან, დიალოგი ოსებთან, დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი უმძიმესი პრობლემის, ქვეყნის გამთლიანების პრობლემის დასაძრავად. თავად ჩვენმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა გააკეთოს სწორი დასკვნა და ის ყოველთვის სწორ დასკვნებს აკეთებს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.