“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” (IAGJ) ქართული მედიის მდგომარეობასა და “რუსთავი 2-ის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი ოპოზიციური არხი, “რუსთავი 2” ჟურნალისტებმა მასობრივად დატოვეს, მას შემდეგ, რაც ახალმა მენეჯმენტმა, სექტემბრის დასაწყისში, რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი და პროდიუსერი გაათავისუფლა.
“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებას უერთდება “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია”, რომლის წარმომადგენლობა საქართველოში თავად “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” გახლავთ.
IAGJ თვლის, რომ ეს არის ნათელი მაგალითი მედიის პოლიტიკური კონტროლის მცდელობისა, რაც ხელს უშლის და გმობს საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობას, ქვეყანაში მედიაპლურალიზმის განვითარების საკითხში.
“რუსთავი 2” იყო საქართველოში ყველაზე რეიტინგულ არხთაგან ერთ-ერთი და ცნობილი იყო, როგორც მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო კომპანია, დაახლოებული “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”. მას შემდეგ, რაც ახალმა აქციონერმა, ქიბარ ხალვაშმა თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა არხის გენერალურ დირექტორად, ჟურნალისტები სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების პროცესს წააწყდნენ. მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებული ახალი მენეჯმენტის დანიშვნიდან ერთ თვეში, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები არხიდან გაათავისუფლეს. სალიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი იყო. მომხდარის გამო, არხი 60 -მა ჟურნალისტმა დატოვა. კრიზისი “რუსთავი 2″-ში მრავალწლიანი პროცესის შედეგი იყო, რაც კრიტიკული ხმის ჩახშობისკენ იყო მიმართული.
სიტუაცია ყურადღება მისაქცევია მრავალი ასპექტის გამო: 1 000 -მდე ჟურნალისტი გაათავისუფლეს ბოლო წლებში, მედიის წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობა უარესდება. მთავრობები აკონტროლებენ სატელევიზიო არხებს და დამოუკიდებელ მედიას. მხოლოდ ინტერნეტი შემორჩა, სადაც კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება თავისუფლად შეიძლება, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ რუსული ძალების მიერ დაფუძნებული საიტები ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ დამოუკიდებელ ქართულ მედიას”. – ვკითხულობთ IAGJ-ს განცხადებაში.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი, ზვიად ფოჩხუა აცხადებს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს.
“საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უბიძგოს საქართველოს მთავრობას, მედიისგან დისტანცია დაიჭიროს. წლების განმავლობაში, მედიაზე შეტევას საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი საქართველოში ყურადღებას არ აქცევდა, რაც მწვანე შუქს უნთებდა მთავრობებს, მედიაზე ზეწოლის საკითხში. სიტუაცია “რუსთავი 2-ში” მედიაზე ზეწოლის მრავალწლიანი ზეწოლის შედეგია, და არის ხილული გამაფრთხილებელი სიგნალი მედიის თავისუფლების შეზღუდვისა”. – აცხადებს ზვიად ფოჩხუა.
“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტის, გენო ჯოხიძის თქმით, “რუსთავი 2”-ზე ზეწოლა წლების განმავლობაში მეთოდურად მიმდინარეობდა არსებული ხელისუფლების მხრიდან და საბოლოოდ, მისი რეიტინგი ახალი მფლობელის ხელში საგრძნობლად დაეცა. როგორც ჯოხიძე ამბობს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, მნიშვნელოვანი ფაქტორია თავისუფალი მედია ფანჯრების არსებობა. მისი თქმით, გასათვალისწინებელია რუსული საინფორმაციო პროპაგანდული შემოტევების განეიტრალება ისეთი მედიასაშუალებებით, რომლებიც თავისუფლად მუშაობენ და არ იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ.
“საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას სურს, საკუთარი ქვეყანა დაუახლოვოს ევროპას. თუ ეს მართლაც მისი ამბიციაა, ახლა ყველაზე შესაფერისი დროა, ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს ჟურნალისტების დაცვისა და პრესის თავისუფლების შენარჩუნების საკითხში”. – აცხადებს რიკარდო გუტიარესი, “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” გენერალური მდივანი (EFJ).