მოძრაობა “სირცხვილია” დღეიდან საპროტესტო აქციებს რეგიონებშიც იწყებს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პირველ აქციას ზუგდიდში, მერიასთან მართავენ, შემდეგი კვირიდან კი საპროტესტო გამოსვლები იქნება ბათუმში, ლანჩხუთში, სამტრედიაში, ქუთაისსა და გორში.
“ჩვენ ვიღებთ ივანიშვილის გამოწვევას, რომელმაც პირდაპირ სილა გააწნა იმ საზოგადოებას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდა და იგი პრემიერ-მინისტრად დაუნიშნა. ვიღებთ ამ გამოწვევას, გავდივართ რეგიონებში, ვიწყებთ ბევრ სხვადასხვა ფლანგზე ბრძოლას იმისთვის, რომ 2020 წელს გავისტუმროთ რეჟიმი, რომელმაც დიდად დააზიანა ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ შევდექით უკვე როგორც მოძრაობა და ამას უკვე ოფიციალურადაც გავაფორმებთ”, – განაცხადა ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ზუგდიდში.