საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, შეუძლია თავად ჩადოს.
„პასუხი ამაზე უნდა გასცე და არა ის, რომ ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენს წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ. როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, საკითხებზე პასუხები უნდა გქონდეს და არა, ყურადღების მიქცევის ახალი ფანდი. თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქედან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის? რა უბედურებაა. რა გადაწყვიტა, ამით ყურადღება მიიქცევს და პოლიტიკურ ველზე პოზიციებს გაიძლიერებს? განცხადებები გააკეთოს იმაზე, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ მომსახურება არ იყო უზრუნველყოფილი კრედიტზე, როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადაიყვანეს, გადარიცხეს ოფშორულ ზონაში. ყოველთვის ვამბობ, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ ვინაიდან, ბრალდებაა პასუხი ამას უნდა გასცე და არა, გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ ეს ფანდია და თავიდან მოშორება უნდა მთავარი კითხვების. თავის თავის და ობიექტის რაღაც სიმბოლოდ გამომიყვანა, რაც ასე არაა. ედავებიან და პასუხი უნდა გასცეს. ამბობს, რომ ვინაიდან პოლიტიკაშია, აბრალებენ და აბსურდებს იგონებენ, ეს არ არის შეურაცხყოფა? თუ პოლიტიკურ ველზე ხარ, კეთილი ინებე და პასუხი გაეცი იმ საკითხებს, რაზეც გედავებიან და არა ის, რომ პირიქით, აბსურდული ბრალდებები მოიგონო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, თიბისი ბანკის დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გიორგი ვოლსკის პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის და მოითხოვს, 221 952 ლარის ოდენობით, ფინანსური სანქცია დაეკისროს. ჯაფარიძის თქმით, ეს თანხა ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება.