შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის პირველი ვარიანტის გამსვლელი ქულის 18-დან 9 ქულამდე შეამცირა.
როგორც edu.aris.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ განუცხადა, ბარიერის განახევრების მიზეზი, ტესტის სირთულე გახდა, რომელიც აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა არასწორად გაიგო.
„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ოთხი ვარიანტიდან შედეგების მიხედვით სამი დაახლოებით თანაბარი სირთულისაა, ერთი კი, პირველი ვარიანტი, უფრო რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტესტის მესამე დავალება აბიტურიენტების ერთმა ნაწილმა არასწორად გაიგო. მათ ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა შეერჩიათ და განეხილათ ერთ-ერთი. ეს მხატვრული ტექსტები იყო: გალაკტიონ ტაბიძის ლექსი მთაწმინდის მთვარე და ნაწყვეტი კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან „გლობალიზაცია“.
„აბიტურიენტთა ნაწილმა ყურადღებით არ წაიკითხა დავალების ინსტრუქცია და კოტე ჯანდიერის მოთხრობის სათაური „გლობალიზაცია“ ესეს დავალებად ჩათვალა, შესაბამისად, შემოთავაზებული დავალების ნაცვლად დაწერა არგუმენტირებული ესე ამ მოთხრობის მიხედვით. სხვათაშორის, ერთ-ერთმა აბიტურიენტმა გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტს განუცხადა, თითქოს ტექსტში ერთი კი არა, ორი არგუმენტირებული ესე იყო შეტანილი. აბიტურიენტთა დაბალი მაჩვენებელი ამ გარემოებამ განაპირობა, რაც აისახა საერთო შედეგზე“,- განაცხადა ნანა ლოლაძემ.
ის EDU.ARIS.GE-ს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზეს ესაუბრა.
„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში სამი დავალებაა. ტექსტის რედაქტირებას აბიტურიენტები მეტ-ნაკლებად ართმევენ თავს. რაც შეეხება არგუმენტირებულ ესეს, ახალგაზრდების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს დავალებაში დასმული პრობლემის გააზრებასა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, თუმცა ამ მხრივ ვითარება წლიდან წლამდე სულ უფრო უმჯობესდება. ტრადიციულად, აბიტურიენტებს შედარებით უჭირთ მხატვრული ტექსტის ანალიზი. ვფიქრობთ, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ახალგაზრდები ნაკლებად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას, მეტიც, როგორც ნამუშევრებიდან ჩანს, ისინი არ იცნობენ საპროგრამო ნაწარმოებებსაც. ამ აბიტურიენტებს, ბუნებრივია, ასევე უჭირთ არასაპროგრამო ტექსტების გააზრება“, – განმარტავს ნანა ლოლაძე.