ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ სექტაში, არამედ იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია” – ვოლსკი ჯარზე

უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომ ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი და რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა ჩამოაყალიბებს ამ საკითხს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ახალგაზარდებს საჭიროა ჰქონეთ მოტივაცია, რომ ჯარი მათ იმ უნარ-ჩვევებსა და განათლებას მისცემს, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.

„ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით, პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რადგან ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეს მეტი. სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ – სექტაში, არამედ უნდა წავიდნენ და იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება. აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას, უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რასაკვირველია, ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოჰყვეს. რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა, ზუსტადაც ამ მიმართულებით გაიყვანს და ჩამოაყალიბებს ამ საკითხს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შევფუთოთ ოპოზიციური თუ მხარდამჭერი პლატფორმებიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარტია “გირჩის” საქმიანობის შესახებ განაცხადა, რომ არ მოერიდება და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე აღნიშნავს, რომ „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას.

იტვირთბა....