ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

საგანგაშო სიგნალი – შეიარაღებული ყაჩაღობა ოქროყანაში: შსს-ს ინფორმაციით ჯერ დაკავებული არავინაა

შეიარაღებული ყაჩაღების თბილისის ქუჩებში გამოჩენა, ცოტა არ იყოს, საგანგაშო სიგნალია, რომელზეც შს სამინისტროს უფრო მეტი ყურადღების გამახვილება მოუწევს. მითუმეტეს, როცა დამნაშავეები იოლად ახერხებენ კომპაქტურად დასახლებულ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებას და ოჯახში შეღწევას მაშინ, როცა ყველას მშვიდად სძინავს. ოქროყანაში, ამაღლების ქუჩაზე მარიამობის დილით, დაყაჩაღების ამბავი მეზობლებს არ გაუგიათ. თუმცა, ისინი გვეუბნებიან, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო საპატრულო ეკიპაჟი ხშირად ვერ ახერხებს აღნიშნულ ქუჩაზე პატრულირებას. არადა, უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი გზიდან რამდენიმე ქუჩაა კომპაქტურად დასახლებული, რომელთა უსაფრთხოება, როგორც ჩანს მთლად კარგად დაცული ვერ არის.

ოქროყანაში, 28 აგვისტოს, გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა. ამაღლების ქუჩაზე უცნობი, ნიღბიანი პირები სახლში მაშინ შეიჭრნენ, როცა შინ ოჯახის მამა შვილებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ არც ერთი შესაძლო დამნაშავე არაა დაკავებული.

“მეტრონომი” ოქროყანაში იმყოფებოდა, რათა გაერკვია შემთხვევის დეტალები. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა მოწესრიგებული არ არის, რის გამოც, პოლიციას პატრულირებისთვის მოუპირკეთებელ ქუჩებში შესვლა უჭირს.

სახლში ქალბატონი, სახლის მეპატრონის სიდედრი დაგვხვდა. მისი განცხადებით, შემთხვევის დროს ის და მისი შვილი სახლში არ იმყოფებოდნენ, რადგან თავად სამკურნალოდ იყო წასული და შვილიც თან ახლდა.

“მთელი ქალაქია ჩართული, მომხდარით ყველა დაინტერესებულია, რომ საქმე გაიხსნას, მგონი ყაჩაღებს უნდა ეშინოდეთ. სახლის მეპატრონე სახლში იყო, მამა, სამი შვილით. ბავშვების დედა მე მახლდა”. – გვითხრა ქალბატონმა.

შეკითხვაზე, ყაჩაღობის დროს გაუსწორდნენ თუ არა ფიზიკურად ოჯახის წევრებს, ლელა სამუკაშვილი ამბობს, რომ ბავშვებს არავინ შეხებია, თუმცა მამას ემუქრებოდნენ და ფიზიკურადაც შეეხნენ.

“ბავშვებს არ შეხებიან. მამას, რასაკვირველია, დაემუქრნენ, აშინებდნენ, თავში ჩაარტყეს, ხელი აქვს გაჭრილი, მაგრამ სერიოზული რამ, როგორც ხდება ყაჩაღობის დროს არ მომხდარა”. – უთხრა მან „მეტრონომს“.

რაც შეეხება სახლიდან წაღებულ თანხას და ნივთებს, მასპინძელმა გვითხრა, რომ რაც მოეწონათ, ყველაფერი წაიღეს.

“თუკი რაიმე მოეწონათ, ბიჟუტერიაც კი, წაიღეს. ბევრი არც არაფერია წაღებული, მაგრამ ნემსიც რომ დაგეკარგოს, ისიც მნიშვნელოვანია. ჩვენივე მანქანით წაიღეს, თუმცა ავტომობილი სადღაც დატოვეს, ქუჩაში, რუსთავისკენ”. .- გვიყვება ის და დასძენს, რომ შემთხვევის დროს არც სიგნალიზაცია და არც კამერები ჩართული არ ჰქონიათ:

“კამერები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ გვქონია ჩართული. სიგნალიზაციაც, ყოველ მოძრაობაზე განგაშს ტეხს, ამიტომაც არც ის გვქონია ჩართული. სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გაიხსნას ეს საქმე, რათა კიდევ არ მოხდეს ასეთი რამ, თორემ ჩვენ უკვე მოგვივიდა, რაც მოსასვლელი იყო “. – განაცხადა მან “მეტრონომთან” საუბრისას.

სახლში საკმაოდ დიდი ძაღლია. ადგილობრივებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ყაჩაღობის დროს, შესაძლოა ძაღლი დააძინეს. აღნიშნული ლელა სამუკაშვილთან გადავამოწმეთ, თუმცა მან გვითხრა, რომ ამაზე დაზუსტებით რაიმეს თქმა უჭირს, არ იცის, ძაღლი დააძინეს თუ ეთამაშნენ, თუმცა ფაქტია, ყაჩაღობის წინ ძაღლის  ყეფის ხმა არ ყოფილა.

ოქროყანის მოსახლეობის თქმით, შემთხვევის შემდეგ პოლიცია ყოველდღიურად, რამდენიმე ჯგუფად მიდის, საქმის დეტალების გასარკვევად. რადგან დაყაჩაღებულ ოჯახს კამერები ჩართული არ ჰქონია, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სხვა მოსახლეობის სახლების კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებს იღებენ, თუმცა შსს-ს მსგავსად, მოსახლეობაც ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ ჯერ არაფერია დაზუსტებული.

 

 

 

იტვირთბა....