თბილისის მერმა კახა კალაძემ მამუკა ბახტაძის გადადგომასთან დაკავშირებით, რომელიც მან სოციალურ ქსელში გააკეთა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ინსტაგრამს“, „ფეისბუქს“. რატომაც არა?“
თბილისის მერმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
„ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ინსტაგრამს“, „ფეისბუქს“. რატომაც არა?! რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, რა არის ამაში ცუდი?
მინდა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გააკეთა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან მე გამოვყოფდი ვალების ჩამოწერის პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გააკეთა ამაზე განცხადება და შემდეგ უკვე უშუალოდ განახორციელა ეს პროექტი, რომლის წყალობითაც ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, ახლიდან დაეწყო ცხოვრება. კიდევ გამოვყოფდი განათლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და წინსვლას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის განათლებული და ნასწავლი თაობები, რომ შემდეგ ამ ახალგაზრდების განათლება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.