საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეფასებულია როგორც შეუნიღბავი აგრესიის ფაქტი, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
„იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალები არიან საქართველოს ხელისუფლებაში, აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის საქმიანობის უცვლელი შემადგენელი ნაწილია. აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში, უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „პარლამენტის“ საიტზეა გამოქვეყნებული.
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტი აცხადებს, რომ „პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი“.