ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფორმულას” მაუწყებლობის უფლება მიენიჭა

„ფორმულას“ მაუწყებლობის უფლება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტელეკომპანია მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს.

“კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა,” – აცხადებენ მარეგულირებელში.

“ფორმულა კრეატივის” გუნდმა 2019 წლის 19 ივლისს დაარსა შპს “ფორმულა”. ახალი ტელეკომპანიის სახელი სწორედ ეს იქნება და ის მაუწყებლობას ოქტომბრიდან გეგმავს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ არხი საერთო მაუწყებლობას გეგმავს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის დაფარავს როგორც სოციალურ და პოლიტიკურ, ასევე გასართობ თემატიკასაც.

ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია ახალ ტელევიზიას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობით აფუძნებს.

“ფორმულა კრეატივი” ტელეგადაცემებს მანამდე “რუსთავი 2”-სთვის ამზადებდა. მათ შორისაა სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”. აღიშნული კომპანია ასევე არის ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილე. “ფორმულა კრეატივი” მართავს ტელეარხ “მესამესაც”, თუმცა ამ არხის ქონება და სიხშირე “რუსთავი 2-ის” საკუთრებაა.

იტვირთბა....