“ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი.
როგორც კანდელაკმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პოლიციელის მკვლელს ახალისებს.
“ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი შემთხვევა. 2 შვილის მამა, პოლიციის 22 წლის თანამშრომელი მოკლა “კანონიერი ქურდის” ლავასოღლის წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოიწვია. როცა პოლიციელი გამოესარჩლა მანდილოსანს, მისივე ტაბელური იარაღით მოკლა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელმა. შემდეგ ჩვენ გვახსოვს როგორ აპარებდა მთავრობა ამ მკვლელს საზღვარზე, მან საზღვარი გადაკვეთა და იქ შემთხვევით მყოფმა მოკლული პოლიციელის თანამშრომლებმა დააკავეს ნეიტრალურ ზონაში. 4 წლის შემდეგ მკვლელი გათავისუფლებულია. საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი. ამ დროს ციხეში ზის ბატონი ნაკანი, შსს-ს სპეცრაზმის ხელმძღვანელი, რომელსაც საბრძოლო ჯილდოები აქვს და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზეც უარს ეუბნებიან. ასეთი მთავრობა ჰყავს საქართველოს, ის პოლიციელის მკვლელებს ახალისებს”,- განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.
არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.