შეერთებული შტატებისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. ისინი მოუწოდებენ რუსეთს შეცვალოს და უკან წაიღოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნული ერთობლივი განცხადების გავრცელების ინიციატორი პოლონური მხარე იყო. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. არჩევნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რუსეთის მხრიდან მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებად აფასებს.
გთავაზობთ იმ ქვეყანათა სიას, რომლებიც განცხადების ხელმომწერები არიან:
- ამერიკის შეერთებული შტატები;
- ბულგარეთი;
- დიდი ბრიტანეთი;
- ესტონეთი;
- ირლანდია;
- კანადა;
- ლატვია;
- ლიეტუვა;
- ნორვეგია;
- პოლონეთი;
- რუმინეთი;
- შვედეთი;
- უკრაინა;
- ფინეთი;
- ჩეხეთი.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა და ე.წ. შედეგებიდან გამომდინარე მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხაზ კვიციანი შეხვდებიან.