ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მილები და ჭები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. მისი თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მაღალია.

„ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები მოსახლეობის მომართვიანობის, პრიორიტეტებისა და მუნიციპალური ბიუჯეტის გათვალისწინებით ხორციელდება. მომართვიანობა ძალიან დიდია, ამიტომ გვიწევს პრიორიტეტების განსაზღვრა. კორპუსში არსებულ პრობლემებს შორის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გადახურვის და შიდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების მოწესრიგება. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სახურავს, ხოლო 2 პროექტი მიმდინარეა; დაფინანსდა წყალარინების ქსელის 23 პროექტი, რომელთაგან 14 მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 9 მისამართზე – მიმდინარე; ლიფტის რეაბილიტაცია 34 მისამართზე დაფინანსდა, მათ შორის 18 ლიფტი უკვე განახლებულია“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მიმდინარე წელს, ამ დრომდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურა 99 მისამართზე განახლდა, 36 მისამართზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ყოველი დაფინანსებული პროექტის შედეგად, ამხანაგობის საერთო ანგარიშზე კონკრეტული სამუშაოების საერთო ღირებულების 10 % გროვდება, რაც მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად, მათი საერთო ქონების განახლებას მოხმარდება.

იტვირთბა....