„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა და შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უჩივლეს. საქმე ეხება გადაწყვეტილებას – რომლითაც მოხდა „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირება ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ძმები ყარამანიშვილების სარჩელი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას გულისხმობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ძალიან სასაცილოდ ჟღერს „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებული ქიბარ ხალვაშის მიერ გამოცხადებული კვაზი საჯარო აუქციონი, ამის მიუხედავად ჩვენ გვინდა, რომ გავაფრთხილოთ ყველა პირი, რომელსაც შესაძლოა რაიმე ინტერესი ქონდეს „რუსთავი 2“-ის წილებთან ან ქონებასთან დაკავშირებით. რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრე და არ შეიძინონ მისგან არც წილები, არც ქონება. მომავალში აუცილებლად დადგინდება არაკანონიერება ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლების და შესაბამისად, შემძენები ვერ იქნებიან და ვერ ჩაითვლებიან კეთილსინდისიერ შემძენებად. ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოიწვევს 18 ივლისამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას, ანუ გაუქმდება ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება „რუსთავი 2“-ის წილებზე და ყოფილ მესაკუთრეებს, ყარამანიშვილებსა და „ტელეკომპანია საქართველოს“ დაუბრუნდება საკუთრების უფლება. ჩვენ მოკლე ვადაში რაიმეს მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ არცთუ ისე შორეულ მომავალში, აუცილებლად დადგება ის დღე, როცა გაირკვევა, რომ რეალურად ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა კი არ მოიგო საქართველოში ყარამანიშვილებსა და ტელეკომპანია საქართველოს მიმართ, არამედ ეს იყო ხელისუფლების მოქმედებების ორგანიზებული ჯაჭვი, რომლითაც ხელში ჩაიგდეს კრიტიკული ტელევიზია „რუსთავი 2“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
იტვირთბა....