სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ოკუპანტები ახალ პერიმეტრზე განაგრძობენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გუგუტიანთკარიდან იუწყება, სამხედროები სატვირთო მანქანით გადაადგილდებიან და ბოძების მონტაჟისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ამ დრომდე აუთვისებელ ტერიტორიაზე აწარმოებენ და ხეებს სხლავენ. საერთო ჯამში, უკანონო ბორდერიზაციის პერიმეტრი დაახლოებით 100 მეტრამდე გაიზარდა.
რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან დილიდან გარკვეული პერიოდულობით რამდენჯერმე გამოჩნდნენ, თუმცა სამუშაოები უშუალოდ იმ ადგილას, სადაც ბოლო დღეებში ბოძები დაამონტაჟეს, არ განუახლებიათ.
ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, აკრძალულია გადაადგილება ახალ პერიმეტრთან, რის გამოც მედიას არ აქვს საშუალება, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან დააკვირდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული ზონის სიღრმეში.
რუსი სამხედროები პერიმეტრს დილიდან აკონტროლებენ და საოკუპაციო ხაზთან მყოფ ჟურნალისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას ფოტოებს უღებენ. ტერიტორიაზე მონიტორინგს განაგრძობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა გუშინ დილის საათებში განაახლეს, ბოძები დაამონტაჟეს და შემდეგ ტერიტორია დატოვეს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.