“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებასა და ქიბარ ხალვაშის ბოლო განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ხელისუფლება ფიქრობს, რომ არა მან დაამსხვრიოს „რუსთავი 2“, არამედ, დაელოდოს ჟურნალისტები თავად გადანაწილდნენ დაანონსებულ ახალ ტელევიზიებში.
მისი თქმით, ხელისუფლება ხვდება, რომ „რუსთავი 2“-ის სწრაფად დახურვა მომგებიანი არ იქნება და ამიტომ, მოვლენების განვითარებას ელოდება.
„ერთ კვირაში რომ არ გაიყიდებოდა, წინასწარ თუ არ იყო მყიდველი მოძებნილი, ეს სრულიად გასაგებია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მაინც ჩათვალა, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვა ასე სწრაფად არ იქნებოდა მომგებიანი. ხალვაში არ არის ის სუბიექტი, რომელიც ყიდულობს ან ყიდის ამ ტელევიზიას. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ არათუ ერთი, არამედ ორი ტელევიზია შეიქმნება, შესაძლოა, ხელისუფლება თვლის ბარემ, აგვისტოც ჩამთავრდეს და მან კი არ დაამსხვრიოს „რუსთავი 2“, არამედ ჟურნალისტები თავად გადანაწილდნენ იმ ახალ ტელევიზიებში და ასე დაამთავროს „რუსთავი 2“-მა მისი არსებობა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, 19 აგვისტოს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განისაზღვრა იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს „რუსთავი 2“-ის შეძენის სურვილი გამოეთქვათ.
„ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას“, – განაცხადა ხალვაშმა მას შემდეგ, რაც ტელევიზიისთვის გაყიდვისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა.