ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხალვაშს ხელში გავარვარებული ნაკვერჩხალი შერჩა, რომლის გადაგდებაც არ შეუძლია” – ხუხაშვილი “რუსთვი 2”-ზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ხალვაში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ვერ გაიყიდა, ის იბრძოლებს არხის გადარჩენისთვის.

მისი თქმით ქიბარ ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს, ცოტა დრო მოიგოს და ამ დროში იქნებ რაღაც გამოსავალი იპოვოს.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ქიბარ ხალვაში გამოუვალ სიტუაციაშია, რადგან მას ტელევიზია არაფერში სჭირდება.

„ვფიქრობ, ქიბარ ხალვაში თვითონ არის იმედგაცრუებული. ის არ არის ტელესპეციალისტი და მთელი ეს ეპოპეა ერთადერთ მიზანს ისახავდა, რომ ხელისუფლებისთვის რაღაც სასარგებლო გაეკეთებინა და სანაცვლოდ რაღაც მიეღო. როგორც ჩანს, რაღაც აირია და ასეც იყო მოსალოდნელი, შესაბამისად, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ხალვაში. მისი დაძაბული ოპტიმიზმი, რომელიც მის განცხადებაში ჩანს, აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს, რადგან მას ხელში შერჩა ფაქტობრივად, გავარვარებული ნაკვერჩხალი, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია. რეალურად, მას ძალიან მცირე შანსი აქვს იყოს წარმატებული ამ მხრივ, რადგან ტელევიზია 21-ე საუკუნეში არ არის ბიზნესი, მისი ძირითადი აქტივი არ არის კედლები და ამორტიზებული ტექნიკა, ეს აქტივი არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც ფულით არ ფასდება. ან ხალვაში ტოვებს იგივე სარედაქციო პოლიტიკას რაც დღეს „რუსთავი 2“-ში არის და ამით იწვევს ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას, ან ცვლის სარედაქციო პოლიტიკას და კარგავს ამ ტელევიზიის მთავარ აქტივს, რის შემდეგაც ამ ტელევიზიის ღირებულება, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდება. ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს, ცოტა დრო მოიგოს და ამ დროში იქნებ რაღაც გამოსავალი იპოვოს. მისი მცდელობები არის ექსტრემალური, ისტერიული და გამოუვალ მდგომარეობაშია. ხელისუფლების ინტერესი ამ ტელევიზიის პარალიზება იყო, მას მეტი ინტერესი არ ჰქონდა, რადგან პროპაგანდისტული მანქანა საკმაოდ მსუყედ აქვს წარმოდგენილი, კარგად ესმის, რომ „რუსთავი 2“-ის ახალი კადრებით დაკომპლექტებას აზრი არ აქვს. ხალვაშმა იბრძოლა ისეთი აქტივისთვის, რომელიც ხელს წვავს, მაგრამ ხელსაც ვერ უშვებს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განისაზღვრა იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს „რუსთავი 2“-ის შეძენის სურვილი გამოეთქვათ.

 

იტვირთბა....