“ყინულისა და ცეცხლის” სიმღერის ავტორის, ჯორჯ მარტინის შეფასებით, მისი საავტორო საგის მიხედვით გადაღებული სერიალის, “სამეფო კარის თამაშების” ფინალი ძალიან კარგი არ ყოფილა, თუმცა შოუს დასრულებას მისთვის განმათავისუფლებელი ეფექტი ჰქონდა.
“რასაც უნდა ავეჩქარებინე, სინამდვილეში შემანელა. ყოველ დღე, რაც უნდა კარგი დღე მქონოდა, თავს საშინლად ვგრძნობდი… ვჯდებოდი, რომ წერა გამეგრძელებინა, წიგნი ხომ უნდა დავამთავრო… თუმცა ყოველ ჯერზე აღმოჩნდებოდა, რომ მხოლოდ 4 გვერდი დავწერე მაშინ, როცა 40 გვერდი უნდა მქონოდა დაწერილი”. – განაცხადა ჯორჯ მარტინმა “ობზერვერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება ფანების თეორიებს წიგნში სიუჟეტის განვითარების შესახებ, მწერალი ამბობს, რომ ზოგი თეორია მართალია, ზოგი კი მცდარი და ფანები ამას მაშინ ნახავენ, როცა წიგნი დასრულდება.
“ზოგი თეორია მართალია, ზოგი კი მცდარი, ნახავენ როცა წიგნს დავასრულებ… ყველას ვერ ასიამოვნებ, ამიტომაც საკუთარ თავს უნდა ასიამოვნო”. – ამბობს მარტინი.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა ენატრება საკუთარი ძველი ცხოვრებიდან, რაზეც ჯორჯ მარტინმა უპასუხა, რომ წიგნის მაღაზიაში ადრინდელივით სიარული.
“მე აღარ შემიძლია წიგნის მაღაზიაში შევიდე, გავაკეთო ჩემთვის ყველაზე საყვარელი რამ, მსოფლიოში – შევიდე წიგნის მაღაზიაში, ვიხეტიალო თაროებიდან თაროებისკენ, ცოტ-ცოტა მაღაზიაშივე წავიკითხო… ახლა, როცა წიგნის მაღაზიაში შევდივარ, ყურადღებას ვიქცევ და 10 წუთში ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანი დგას. ცხადია, უამრავი რამ შევიძინე, მაგრამ ძალიან ბევრი დავკარგე. აღარ მინდა წავიდე წვეულებაზე სადაც ადამიანთა დაუსრულებელ რიცხვს უნდა ჩემთან სელფის გადაღება, ეს ისეთი სახალისო აღარ არის, როგორიც ადრე იყო”. – უთხრა მწერალმა ჟურნალისტს.