საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, პერიოდულად იძაბება ვითარება საოკუპაციო ხაზთან.
მისივე თქმით, სამინისტრო რეგულარულ რეჟიმში მუშაობს, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და ასეთი ინციდენტების პრევენცია მოხდეს.
„როგორც იცით, გატაცებულია 7 ადამიანი, კიდევ ერთი გაიტაცეს. ყველა მექანიზმი ჩართულია, როგორც ცხელი ხაზი, ასევე მე მუდმივ კონტაქტზე ვარ თანათავმჯდომარეებთან. რაც შეეხება ბოლო დროს გააქტიურებას, შეიძლება ითქვას, რომ პერიოდულად იძაბება ვითარება საოკუპაციო ხაზთან და ეს არის ზოგადად, შედეგი იმ საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც ადგილზე გვაქვს და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავის არაადამიანურ სახეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მუდმივ რეჟიმში იყოს ორგანიზებული და შესაბამისი რეაგირება ხდებოდეს. ვნახეთ, ბოლო დღეებში როგორ აქტიურად გამოეხმაურნენ ჩვენი პარტნიორები ამ საკითხებს, გაეროს უშიშროების საჭოზეც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საოკუპაცო ხაზთან შექმნილი ვითარება. ვაგრძელებთ მუშაობას რომ ეს ინციდენტები, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას. ჩვენ რეგულარულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და მოხდეს ასეთი ინციდენტების პრევენცია“,- განაცხადა დარსალიამ.