ახალი ამბები მთავარი სამართალი

შურისძიება ხის კეტით ზესტაფონში: მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, ზესტაფონში, ერთ-ერთი შპს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სადგომის ტერიტორიაზე, საწარმოს კონტროლიორებს – დ.კ.-ს და ბ.ღ.-ს, განაწილებული სადგომების ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.კ.-მ, შურისძიების მოტივით, ბ.ღ.-ს თავის არეში ხის კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად  ბ.ღ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის თანამშრომლებმა დ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იტვირთბა....