თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 10:00 საათიდან მოეწყობა საგამოფენო სივრცეები; დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ. კარვებში გამოეფინება ქართული რეწვის და ხელოვნების ნიმუშები, ტრადიციული ნაწარმი. ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები წარმოდგენილნი იქნებიან დამახასიათებელი ტრადიციებით. საბავშვო თეატრის მსახიობები წარმოადგენენ უძველეს ქართულ თამაშობებს: ლახტაობა, კოჭაობა, ქორობია. მოეწყობა სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში, პატრიოტულ თემაზე, ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების თემატური კომპოზიციების გამოფენა.
11:00 – 12:20 საათი – ძირითადი საკონცერტო ღონისძიება
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ესტრადის მომღერლები, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები. სცენაზე მოეწყობა თეატრალიზებული სანახაობები, შესრულდება ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების ნიმუში.
საკონცერტო ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაიმართება შეჯიბრება: დოღი, ჭიდაობა და მკლავჭიდი.