ზოგადად, ეს ქვა, რომელიც იყო, დაგებულია 60-იან წლებში. ჩამოსხმული ბორდიურები არ წარმოადგენს ისტორიულ სიძველეს, არც ისტორიულ მემკვიდრეობას და აქედან გამომდინარე, ამის განახლება მოხდა მარმარილოთი, რომელიც ძვირფასი ქვაა, – ამის შესახებ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა იღუმენმა ეფრემმა განაცხადა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
იღუმენ ეფრემის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს, სამუშაოები მათ მაინც დაასრულეს.
“რა თქმა უნდა, შეთანხმება ყოველთვის ხდება იერარქთან, მაგრამ ჩვენ დავაგეთ ეს და ჩვენი გადაწყვეტილება იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის არ მიგვიმართავს, რადგან არ წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშს. ეს იყო ძალიან ახლო, რაღაც 50 წლის წინ დაგებული დაზიანებული ქვები, რომლებიც ორმოებს და მტვრებს წარმოადგენდა. შეიცვალა უბრალოდ. არც ჩაგვითვლია საჭიროდ, რომ ეს რაღაც ნიმუში იყო ისტორიული ძეგლის, რომელიც ზიანდებოდა და ფუჭდებოდა. ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ იატაკი არ ვიცი, მგონი არ შედის, რადგან არ იყო ძველი. ზედამხედველობის თანამშრომლები შემოვიდნენ, დაათვალიერეს, გამოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება, სურათებიც გადაიღეს და სწორედ მათ დადეს. ასე რომ, სიცრუეა, რომ არ შევუშვით“,- განაცხადა იღუმენმა.
იღუმენი ამბობს, რომ მეუფე იობმა უნდა გადაწყვიტოს, განახლდება სამუშაოები თუ მოხდება იატაკის ფენილის დემონტაჟი.
„ამას მღვდელმთავარი გადაწყვეტს. ეპარქიაში ის წყვეტს, რა გაკეთდეს, რა არ უნდა გაკეთდეს. მათთან შეათანხმონ. თუ მეუფის კურთხევა იქნება, რა თქმა უნდა, ეს შეიცვლება. მეუფემ უნდა გადაწყვიტოს განახლდება, თუ დემონტაჟი მოხდება“- განაცხადა იღუმენმა.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებმა ყინწვისის მონასტერში მარმარილოს მეტლახი დააგეს. მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის დაგებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანონოდ და თვითნებობად აფასებს.

