ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიცია ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას ითხოვს

ოპოზიცია ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას ითხოვს. მათი განცხადებით გამოძიება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსით არ ინტერესდება, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის რჩეულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ 20 ივნისის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.

„ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას ან რაიმე ფორმით გამოძახებას სამართალდამცავ უწყებაში, ბოლომდე მოერიდებიან, ვინაიდან ანზორ ჩუბინიძე არის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ენდობა და მიუხედავად იმისა, რომ ანზორ ჩუბინიძე უშუალოდ იმყოფებოდა მოვლენათა ეპიცენტრში და პარლამენტის წინ იდგა და ყველამ კარგად ნახა, რომ ფარით შეიარაღებული, როგორ გასცემდა ბრძანებებს იქ, მისი დაკითხვა არ ხდება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, თუ როგორ უდგება 20 ივნისის გამოძიებას ეს ხელისუფლება, ბუნებრივია, საკუთარი დანაშაულის გამოძიება ხელისუფლებას არ სურს, შესაბამისად, ბოლომდე გადაეფარებიან ანზორ ჩუბინიძეს,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ “ევროპულ საქართველოშიც. გიგი წერეთლის განცხადებით, შეუძლებელია გამოძიების ობიექტურობაზე საუბარი მაშინ, როდესაც ათობით მოქალაქისა და პოლიტიკოსის დაკავების პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.

“როცა ვხედავთ, რომ პირიქით, სახელისუფლებო მხრიდან არც იკითხებიან ის ადამიანები, ვინც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცეს გამოძიებას და ისინი არიან მაღალჩინოსნები, სწორედ ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმის, რომ შერჩევითად ხდება გამოძიება,“ – განაცხადა წერეთელმა.

იტვირთბა....