“ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან უკვე გამოვიდა.
„ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე უნდათ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულაციას,” – განაცხადა წერეთელმა
წერეთლის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიაზე იყო შემოტევები ადრეც, ახლაც მიიჩნევს, რომ საქმე, რომლის თაობაზეც ის გამოკითხვაზე დაიბარეს, სწორედ ტელევიზიას უკავშირდება.
როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, საქმეს, რომელზეც ძიება მიმდინარეობს, არც მომჩივანი და არც დაზარალებული არ ჰყავს.
„ერთი კითხვის დასმა ვცადე. მაინტერესებდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი ჰყავს. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ბევრმა ადამიანმა იცის, რომ იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას. კითხვები ეხებოდა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებს, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცოდი“, – განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთელმა სქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.