ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულმა მოვლენებმა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა.
აფხაზი ხალხი, რომელმაც 1992-1993 წლებში ომის ყველა სიმძიმე, ნათესავებისა და ახლობელბის დაკარგვის ჩათვლით, გამოსცადა, ღრმა მწუხარებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხთან ერთად აგრესიის ამ არაადამიანური აქტის მსხვერპლთა გამო. რუსეთის ფედერაციის მოქმედების შედეგად, რომელიც დაეხმარა სამხრეთ ოსეთის ხალხს, დღეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში და დინამიურად ავითარებენ საკუთარ სახელმწიფოებს“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.