საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 11 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.
მისი თქმით, ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ფაქტობრივი ანექსია, ეთნიკური დისკრიმინაცია იმ ქართველების, ვინც სპონტანურად დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში, განსაკუთრებით გალის რაიონში.
“ბრუტალური მკვლელობები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტატუნაშვილი-ოთხოზორია- ბაშარულის მიმართ და სულ ბოლო უკანონო დაკავება, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია, მიანიშნებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმეა. ჩვენი, როგორც დიპლომატიური უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მთლიანად საქართველოს დიპლომატიური მისიის, არის დეოკუპაცია. ეს არის კიდევაც ასახული ჩვენს მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტში, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რომელიც წელს მივიღეთ და სამოქმედო გეგმაში, სადაც კონკრეტული ნაბიჯები არის გაწერილი, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ დეოკუპაციასთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.