ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოების შედეგს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უფუნქციო შენობა-ნაგებობების ნაცვლად, აქ გზის გამყოფი ზოლი მოეწყო, რომელიც შემოდგომაზე გამწვანდება.
„აქ იყო დახურული ტერიტორია. გზა იყო გადაკეტილი, შეუძლებელი იყო მოძრაობა და მძღოლებს უწევდათ გვერდის ავლით გადაადგილება. აქ იყო განთავსებული მეტროს გამნიავებელი შახტი. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი გაუკეთდა იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წლების განმავლობაში იდგა აქ. ახლა ხედავთ, რა კარგი სივრცე გამოვიდა. გაკეთდა შუა ზოლი, სადაც შემოდგომაზე დაირგვება ხე-მცენარეები. განათებები, მოაჯირები და სხვა დანარჩენი გაკეთებულია და ძალიან მიხარია, რომ კმაყოფილია მოსახლეობაც და მძღოლებიც, რომლებიც ამ კონკრეტული მონაკვეთით სარგებლობდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის თქმით, შეიცვალა შახტის ზედაპირი და მოხდა მისი გადაადგილება იმგვარად, რომ გზა გახსნილიყო.
პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ობიექტზე არსებულ უფუნქციო შენობა-ნაგებობებს და ლითონის ღობეს; რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი; მოეწყო გზის გამყოფი ზოლი მოაჯირებით, ბორდიურები და ტროტუარები; შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარეგანათების ქსელი.
იტვირთბა....