საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს. მისი აზრით, არაპროფესიული თვალით სტრასბურგის გადაწყვეტილების წაკითხვის შემდეგ, გადაწყვეტილება სრულიად სხვაგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო.
“პირველმა ემოციებმა რუსთავი-2ის საკითხზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გამო გადაიარა: რაც მოხდა, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. დაგვიანებით მინდა გამოვეხმაურო – არა გადაწყვეტილებას, არამედ მასზე ჩვენს რეაქციას.
აქაც გამოჩნდა, რომ გამოზომილი და ნიუანსირებული მიდგომა გვიჭირს. ან უნდა თქვა, რომ ევროპა ბებერი ბოზია, რომ სტრასბურგის სასამართლო ბიძინამ ან პუტინმა იყიდეს, ან რომ „ოფიციალური ევროპიდან“ (ევროკომისიიდან, სტრასბურგიდან, ვენეციის კომისიიდან და ა. შ.) წამოსული ყოველი სიტყვა წმიდათაწმიდაა და მასთან შეკამათება არ მოსულა.
ასი პროცენტით მიუკერძოებელი სასამართლო ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანები ყოველთვის რაღაც ზომით მიკერძოებულები არიან (ვართ). ერთსა და იმავე საქმეზე კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ იურისტებს შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარი აზრი ჰქონდეთ და ეს არ ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ვიღაცის მოსყიდული ან მართულია. ჩემი არაპროფესიული თვალით რომ წავიკითხე სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა, ნამდვილად შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ქართული სასამართლოს არგუმენტები საკმაოდ სადავოა და გადაწყვეტილება სრულიად სხვაგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო. სტრასბურგის სასამართლოს კოლეგიაში ერთ-ერთ წევრს განსხვავებული აზრი ჰქონდა – შეიძლება, სხვა შემადგენლობაში ეს სხვა აზრი უმრავლესობაში აღმოჩენილიყო და გადაწყვეტილებაც სხვა ყოფილიყო. ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია იქ, სადაც დამოუკიდებელი და კვალიფიციური სასამართლოს არსებობაში ეჭვი არ ეპარებათ.
შეიძლება, რუსთავი2-ის იურისტებს უკეთესი სარჩელი უნდა წარმოედგინათ – ეს აზრიც გამოითქვა. არა ვარ კვალიფიციური, ამაზე ვიმსჯელო, მაგრამ პრინციპულად ვერც ამას გამოვრიცხავ.
მოკლედ, ევროპელების, მათი მთავრობების და ინსტიტუტების კრიტიკა მოსულა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ ამას არ აღიარებ, ევროპელი არა ხარ – ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ ისაა, რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის აქვს, მათ შორის არც სტრასბურგის სასამართლოს (რაც, ცხადია, არ გამორიცხავს იმას, რომ მისი გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა).
რაც არ მოსულა, ეს არის დემოკრატიული ევროპის გათანაბრება აშკარად კორუმპირებულ და ავტორიტარულ რეჟიმებთან: რომ სტრასბურგის სასამართლო ისეთივეა, რაც ქართული, რომ დღევანდელი ევროპა ისეთივე იმპერიალისტია, როგორც რუსეთი, რომ დასავლური კაპიტალიზმი იგივეა, რაც მონათმფლობელობა და ა. შ. ამის თქმა იმიტომ კი არ არ მოსულა, რომ პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, არამედ იმიტომ, რომ სისულელეა.” – წერს გია ნოდია საკუთარ ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცა.