ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნება ძალიან ნირწამხდარია” – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ნირწამხდარია.

ვაშაძე „ქართული ოცნების“ სტრატეგიას სამ კომპონენტად ყოფს.

„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დეტალურად გაანალიზეს და კითხვა დასვეს – რატომ წავაგეთ პირველი ტური, რა კომპონენტი იყო, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია იყენებდა საარჩევნო კუთხით და მოდით, კანონი შევქმნათ, რითაც ამ მექანიზმებს გაერთიანებულ ოპოზიციას ჩამოვაშორებთ. ეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ არის მიმართული. ბლოკების აკრძალვა ხდება, სახელწოდებაში არაფრის გაკეთება შეგიძლია. მათი მიზანია, არ დაუშვან პარტიებისთვის რამე მექანიზმის არსებობა გაერთიანების მიზნით. საარჩევნო კამპანიის დროს ნეგატიურ რეკლამას აქტიურად ვიყენებდით, ეს თავისუფლება გვქონდა. უნდათ, ცენზურა დაგვადონ. 25 პროცენტზე მეტს ნეგატიურ რეკლამას ვერ გააკეთებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს, საშუალება არ ექნება, აკრიტიკოს ქვეყანაში არსებული გაჭირვება და სიღარიბე.

„კოალიციაში ხუთი კვალიფიციური სუბიექტი ვიყავით, ხუთი უფასო სარეკლამო დრო გვეკუთვნოდა. ახლა გვეუბნებიან, რომ არ შეგიძლია, ეს ხუთი უფასო დრო გამოიყენო საერთო მიზნისთვის, კეთილი ინებეთ, ცალ-ცალკე მიზნები გამოიყენეთო. არჩევნებში მაინც ერთად მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენს გეგმებს ჯერ არ ვიტყვით. მოგვიანებით გაიგებთ, ამას როგორ გავაკეთებთ. ყველა გეგმას ვერ გეტყვით, რადგან, რასაც ვამბობთ, ცვლილებებს იმის მოხედვით აწყობენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, გამოსავალი არსებობს და გაერთიანებული ოპოზიცია ერთად იქნება.

„რაც შეეხება პარტიულ დაფინანსებას, ყველა მოტივაციის შექმნა უნდათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალოს, „ახალმა საქართველომ“ თქვას, ცალკე გავალ, პარლამენტში შევალ, 0,68 პროცენტში ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს გაძლევს, რაც სატყუარაა და არ გვაინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....