პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლარის კურსი, გაუფასურების შემდეგ, 2 დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს, რაც მოსალოდნელი იყო.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ეროვნული ვალუტა თავის ბუნებრივ, მყარ ნიშნულს დაუბრუნდება.
„ლარის კურსი, გაუფასურების შემდეგ, 2 დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზემდეტად იყო გაუფასურებული, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები კი ჯანსაღი იყო. ეს დაადასტურა ეკონომიკური ზრდის შესახებ საქსტატის მიერ გამოყვენებულმა ინფორმაციამაც“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, გაუფასურებას ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა.
„ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით, საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს.
ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი მოლოდინი იმისთვის, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი ტურიზმის სექტორსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით შემოსავლების იკლებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ზრდის ისეთივე ტემპი, როგორიც აქამდე იყო, უახლოეს თვეებში ვერ გაგრძელდება.
„სამწუხაროდ, ტურიზმის სექტორში ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო. ჩვენ ძალიან მაღალი ზრდის ტემპი გვქონდა. ივნისში აჭარაში თითქმის 40%-იანი ზრდა გქვონდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საზოგადოებას შეუძლია თვითონ გააკეთოს დასკვნები, თუ რა მასშტაბის შემოსავალს ელოდებოდა ქართული ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დადგა, იმავე ტრენდის გაგრძელება უახლოეს თვეებში გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დავაბრუნებთ ასეთ მზარდ დინამიკას ტურიზმის სექტორში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.