ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველ და უცხოელ დამფუძნებლებს მოვუწოდებთ გააერთიანონ ძალისხმევა და განახორციელონ ანაკლიის პროექტი” – ცქიტიშვილი

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებებზე განმარტება მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

„ჩვენ ის ფაქტები წარვუდგინეთ საზოგადოებას, რომლის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს კონსორციუმი. არაერთხელ ვთქვით, რომ ეს პროექტი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით, არის პრიორიტეტული და სახელმწიფო მნიშვნელობის. სწორედ სახელმწიფომ დაიწყო პროცესი თავის დროზე ისეთი ინვესტორის გამოსავლენად, რომელიც შეძლებდა დაფინანსების მოპოვებას, პორტის მშენებლობას და 50 წლის განმავლობაში მის ფუნქციონირებას და განვითარებას. სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აქვს დადებული ხელშეკრულება, სადაც გაწერილია კონკრეტული ვალდებულებები. ფაქტია, რომ ინვესტორის ვალდებულებები სამწუხაროდ არ სრულდება უკვე მესამე წელია. 2017 წლის აგვისტოში უნდა ყოფილიყო მოზიდული დაფინანსება და იმავე წლის ბოლოს დაწყებულიყო პორტის მშენებლობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პროექტს თავიდანვე ჰქონდა სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გამოიხატა ვალდებულებების გადავადებასა და სანქციების პატიებაში, ინვესტორის ხელშეწყობის მიზნით კი სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 250 მილიონი დოლარის საერთო ინვესტიცია იდება ამ პროექტში.

„იმის ნაცვლად, რომ კონსორციუმმა ეს თემა პოლიტიკურ პროცესში გადაზარდოს, მთავრობას გადააბრალოს თავისი პრობლემები და გააგრძელოს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, ქართველ და უცხოელ დამფუძნებლებს მოვუწოდებთ გააერთიანონ ძალისხმევა, შეასრულონ აღებული ვალდებულებები და განახორციელონ პროექტი,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....