მალხაზ მაჩალიკაშვილმა “გამარჯვებული საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველამ უნდა შეიგნოს, რა უსამართლობა არის ჩაბუდებული დღევანდელ ხელისუფლებაში და ეს სისტემა აუცილებლად უნდა დაინგრეს.
მისი თქმით, ხელისუფლებას რუსეთის დასანახად ჰყავს დაკავებული ის პირები, ვინც თითქოსდა რაიმე გადატრიალებას აპირებდა.
„მინდა შევეხო ირაკლი ოქრუაშვილს, როცა ადამიანში ხედავენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას და სამართლიანობას, ამნაირ ხელისუფლებას ეშინია ზუსტად ამის. დღეს რაც საქართველოში ხდება, ამ ხელისუფლებაში, ეს არის სრულიად ამოუხსნელი რაღაც უმსგავსო ნაძირლობა. ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი ადამიანები დღეს ამათ ტყვედ აიყვანეს და გამოკეტეს ციხეში იმისთვის, რომ მათში სამართალსა და სიმართლეს ხედავენ. ისინი არანაირ გადატრიალებას არ ცდილობდნენ. არანაირი ორგანიზატორები არ იყვნენ და არც ყოფილან. ამას დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ, ყველანი, საქართველოში მცხოვრებელები, თვითონ ის “ოცნების” გუნდი. მე პირველი წუთიდან იქ ვარ და ვხედავდი ყველაფერს რა ხდებოდა. ამათგან არანაირი მცდელობა არ ყოფილა”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ჰუსეინ(მორის) მაჩალიკაშვილს დაკავებით კარვის გაშლამდე დაემუქრნენ.
„ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილის დაკავებით უნდათ ჩამოაშორონ თავის ბიძას და რაღაცით მევაჭრონ, გამოკეტონ ციხეში. ვიდრე დაიჭერდნენ, როგორც კი გავშალე კარავი, იმ დღესვე დაურეკავთ ხეობაში ჰუსეინის ბიძისთვის, ჩემი ბიძაშვილისთვის, კარავი თუ გაიშლება, ჰუსეინ მაჩალიკაშვილს დავიჭერთო”, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სამართლიან ადამიანებს ებრძვის.
მისი განცხადებით, პარლამენტის წინ დღეს უკვე 502-ე დღე-ღამეა, რაც სამართლიანობისთვის იბრძვის.
„შემომხედეთ მე და ჩემს ბრძოლას. ყველამ უნდა შეიგნოს, რა უსამართლობა არის ჩაბუდებული დღევანდელ ხელისუფლებაში. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ყველა პოლიტპატიმარი, ირაკლი ოქრუაშვილის თამადობით, უნდა განთავისუფლდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუ რამე შეგვიძლია. ამას მოვუწოდებ მთელ საქართველოს”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.