სტრასბურგის სასამართლომ დაინახა, რომ საქართველოში იურიდიული პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდა, – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, მარკ ბერენტმა, განაცხადა.
„სტრასბურგის სასამართლომ დაინახა, რომ საქართველოში იურიდიული პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდა. ვიცი, რომ ეს საქართველოში ძალიან საკამათოა. ერთი მხრივ, მიხარია, რომ კანონი აღესრულა ქვეყანაში და რომ თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სასამართლო ნორმალურ პროცესს გადიოდა. ცხადია, ძალიან რთულია ახლა იმის დადგენა, ვინ, როდის, რას ფლობდა, ეს კომპლექსური საკითხია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმედგაცრუებული ვარ ამ პროცესის პოლიტიზებით“, – აღნიშნა მარკ ბერენტმა.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვინმე მთავრობას აკრიტიკებდეს.
„კრიტიკული მედია მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სანდო მედია. არ შეიძლება, ინფორმაციის 95 პროცენტი იყოს პოლიტიზებული აზრი და ხუთი პროცენტი ახალი ამბავი. პირიქით უნდა ხდებოდეს, თუმცა ასევე ვფიქრობთ, რომ ქართული მედიაბაზარი მაღაზია არ არის. ახლა „რუსთავი 2“ თამაშობს იმ როლს, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები მისი მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას და ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია, რომ ვინმე მთავრობას აკრიტიკებდეს. არ ვთვლი, რომ არჩევნებამდე ჩვენ ამ ხმას მედიაში ვეღარ გავიგებთ“, – განაცხადა მარკ ბერენტმა.
ამასთან, საკითხზე, არსებობს თუ არა შანსი, რომ ახალმა მფლობელმა არხი გააკოტროს, ბერენტი ამბობს: „არ ვიცი. თუ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ან პოლიტიკური ძალები, რომლებიც წარსულში „რუსთავი 2“-ს აკონტროლებდნენ და თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა ეს, ვერ გამოიყენებენ ტელევიზიას, როგორც საკუთარი ხმის გავრცელების გზას, მაშინ ისინი სხვა ვარიანტს იპოვიან“.