ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არის თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავე, მართლმსაჯულების სისტემამ უნდა განსაჯოს” – ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარი არ არის.

„ეს ყველამ დავინახეთ. არის თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავე, ამას ჩვენ ვერ განვსჯით, მართლმსაჯულების სისტემამ უნდა უნდა განსაჯოს და ეს მოგვიანებით გვეცოდინება. ის, რომ ამ პირის წინააღმდეგ გამოძიება უნდა მიდიოდეს და გამოძიება მისი ბრალეულობის საკითხს უნდა არკვევდეს, ამაში ეჭვი ერთი წამი არ მეპარება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, ჩუგოშვილი ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებისა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გამოეხმაურა.

„ამ ეტაპზე, პროკურატურა სასამართლოში არ დავობს იმასთან დაკავშირებით, დანაშაული ჩადენილია თუ არა, ამ საკითხზე სასამართლო პროცესი მოგვიანებით გაიმართება. როცა სასამართლო აღკვეთზე მსჯელობს და პროკურატურა შუამდგომლობით შედის, მსჯელობა იმაზე მიმდინარეობს, აღკვეთის რა ფორმა უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ გამოძიების ინტერესები არ დაზიანდეს. სასამართლო უყურებს იმას, შეიძლება თუ არა მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა, ასევე ხომ არ შეიძლება პირი მართლმსაჯულების პროცესს მიემალოს, მტკიცებულებები გაანადგუროს და ა.შ. სასამართლო მხოლოდ ამ ფაქტების შეფასების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიების რომელ ფორმას შეუფარდებს. ეს არის მართლმსაჯულების კომპეტენცია. არც პოლიტიკოსების კომპეტენციაა და არც პარლამენტის, მხოლოდ პროკურატურისა და სასამართლოსი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ყველაზე ადეკვატური იყო, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს”, – დასძინა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.

იტვირთბა....