ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება” – საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რის მიხედვითაც რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რასაც მხარს უჭერს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია.

ამასთან, საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში 26 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს. URAS-ის კოდი ენიჭებათ დსთ-ში მყოფ ქვეყნებს. კოდის მინიჭებით სოხუმის აეროპორტი დარეგისტრირდა როგორც როსტოვის საჰაერო ზონა.

იტვირთბა....