ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ ამით დასტურდება – ტვ პირველის თანამშრომლებს უსმენდნენ.
“ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის,თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!”, – წერს წერეთელი.
21-ტომიანი საქმიდან 2 ტომი სატელეფონო მოსმენებია, – ამის შესახებ “TBC ბანკის” საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
კორძაძის თქმით, უსმენდნენ, როგორც ჯაფარიძესა და ხაზარაძეს, ასევე 20-მდე სხვა პირსაც. მათ შორის სამგორი M-სა და სამგორი ტრეიდის მფლობელს, ავთო წერეთლსა და მის შვილს, ვატო წერეთელს, რომელიც TV პირველის დამფუძნებელია.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეში ვატო წერეთელი და მისი მამა, ავთანდილ წერეთელიც ფიგურირებენ. კერძოდ, გამოძიების ვერსიი თანახმად, მათ კომპანიებს თიბისი ბანკმა 2007-2008 წლებში 17 მილიონი დოლარი ასესხა და შემდეგ ის ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშებზე გადაირიცხა. მიუხედავად ამისა, ვატო წერეთელი ამ დრომდე დაკითხული არაა.
2019 წლის მარტში კი მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა მუქარის წერილი, რომელიც თი ბი სი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, მას გახარიამ გამოუგზავნა.
წერილში არის მოთხოვნა, რომ ტვ პირველი “იმედის” ტრენდზე უნდა დაჯდეს.
გახარიამ წერილის ავთენტურობა უარყო, ხოლო ჯაფარიძემ წერილი ექსპერტიზაზე ლონდონში გაგზავნა.