ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი როგორც შიდა, ისე საგარეო ფაქტორებია.
მისი თქმით უცქირიძე კურსზე გავლენის ერთ-ერთ ფაქტორად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ კურსმა რყევა დაიწყო 25 ივნისის შემდეგ. გარკვეული გაუფასურება მანამდეც ხდებოდა, მაგრამ თუ ვისაუბრებთ რყევაზე, ეს დაიწყო 25-ის მერე. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული 20-21 ივნისის მოვლენებთან. რეალურად, საქმე გვქონდა რევოლუციის სცენართან. სიტუაცია რომ რევოლუციური იყო, ეს ფაქტია. ეს არის საკმაოდ დიდი, ნეგატიური მოლოდინების შემქმნელი. ადამიანები უყურებენ, რომ ქვეყნაში რაღაც რევოლუციური ცვლილება შეიძლებოდა, მომხდარიყო, დაკავშირებული არეულობასთან. ამ მოლოდინებს ძალიან ნეგატიური ეფექტი აქვს. ადამიანები იმის შიშით, რომ ხვალ კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი, იმ მომენტში სჭირდებათ თუ არა უცხოური ვალუტა, წინასწარ იწყებენ მის შეძენას. ეს პროცესი არ არის შეჩერებული, შოკის ეფექტის მატარებელია ხშირად.
ამის გარდა, გარე ფაქტორებიც მოქმედებს. ერთ-ერთი გარე შოკი დაკავშირებულია ტურისტული ნაკადების შემცირებასთან, ტურისტული ნაკადები კი უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინებას ქმნის. არის, ასევე, ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია თურქეთში მიმდინარე პროცესებთან“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.91 ლარია, ერთი ევრო ოფიციალური ღირებულება კი – 3.24 ლარი.