ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს TBC-ის ნაცვლად “საქართველოს ბანკი” მოემსახურება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხელფასი ამიერიდან “თიბისი ბანკის” ნაცვლად “საქართველოს ბანკში” ჩაერიცხებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

როგორც ცნობილია უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შესაბამისი ცნობა 23 ივლისს მიიღეს.

მომსახურების შესახებ დამატებითი დეტალების გასაცნობად 26 ივლისს დაგეგმილია შეხვედრა “საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებთან.

უნივერსიტეტში ამ ცნობას უარყოფენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკეთესი პირობების გამო მიიღეს.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ყოველ სახელშეკრულებო წელს უნივერსიტეტი სხვადასხვა ბანკის პირობებს ეცნობა. თსუ-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ “საქართველოს ბანკთან“ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა გრძელდება და არჩევანი ამ კონკრეტულ ბანკზე მხოლოდ უკეთესი პირობების გამო გაკეთდა.

რაც შეეხება “თიბისი ბანკს”, უნივერსიტეტში გვიყვებიან, რომ მიუხედავად ამ ცვლილებისა, ისინი ბანკთან თანამშრომლობას აგრძელებენ სხვადასხვა პროექტში, მათ შორისაა “წერე ქართულად”. უნივერსიტეტის თქმით, ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა, უბრალოდ, დროში დაემთხვა ბანკების ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს, 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). ხაზარაძე დასაკითხათ დღესვე, 17 საათზე დაიბარეს.

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

იტვირთბა....